ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე Deep State-ს ექნება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

მომავალ კვირას, როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, იქნება მცდელობა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ფაქტია, რომ Deep State-სთვის მიუღებელია მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლება.

"სულ რამდენიმე კვირის წინ, ღია, საჯარო წერილით მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმისთვის, რომ არ ცნონ ახალი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ეს არის იმის ანალოგი, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2017-18 წლებში ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

Deep State-ს აქვს სერიოზული გავლენები, თავისი საცეცები ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში წარმომადგენლების მეშვეობით. ამიტომ იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ.

უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ფაქტია, რომ Deep State-სთვის მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა, ის ყველა მიმართულებით ცდილობს, თავისი შესაძლებლობები, სადაც კი დარჩენია, გააქტიუროს. ამავდროულად, ვხედავთ, რომ მათი მონა-მორჩილი რადიკალები ჩვენს ქვეყანაში კვლავაც აგრძელებენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელია", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.