ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია დადასტურებაა, რომ ქართულ პოლიტიკაში უსამართლო ჩარევებია, მისი ხელმომწერები მიკერძოებული არიან - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქართულ პოლიტიკაში უსამართლო ჩარევებია.

როგორც წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში უცნაური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს რეზოლუცია ნამდვილად არ აკვირვებს.

„სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქართულ პოლიტიკაში უსამართლო ჩარევებს აქვს ადგილი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველანაირი წესების დაცვით ჩატარდა და ამის საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცეს. რეზოლუციაზე ხელმომწერებს თუ გამომსვლელებს მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ პროცესების მიმართ, მათ შორის იყო უკრაინელი დეპუტატი, რომელიც ქართულ ენაზე ამღერებული ვნახეთ და ჩანს, რომ ამ ადამიანებს არა მხოლოდ სწორი ინფორმაცია არ აქვთ, არამედ მიკერძოებულებიც არიან“, – აღნიშნა წილოსანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიიღო რეზოლუცია, სადაც მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.