ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მასთან შეხვედრაზე მხოლოდ ლიდერთა ნაწილი მივიდა.

ბერსეს მიმართ მათ მთავარი კითხვა ჰქონდათ, არის თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა ხელისუფლების ლეგიტიმაცია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ დაუსვამთ კითხვა არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საპროტესტო აქციები, აქციებზე დაკავებული და დაშავებული პირების საკითხი იყო.

„არანაირ ლეგიტიმაციის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე. ის არ აპირებს, შეხვდეს ყაველაშვილს. ჩვენი ინფორმაციით, აუცილებლად ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომლებიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და აქვე ბრალი დასდო ტელეკომპანია „იმედს“, რომ „არც ერთ საკითხს ობიექტურად არ აშუქებს“.

„ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის,, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს უკვე 25 წელია, არის ევროპული საბჭოს წევრი და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და მთავარი თემები, რომლითაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით კი, ევროპის საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოს წევრობა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი.
„ამ ორგანიზაციას აქვს თავისი მანდატი და გენერალური მდივანიც ამ მანდატის ფარგლებშია ჩამოსული საქართველოში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სპეკულაციას არაღიარება-აღიარება, ხელისუფლების ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაცია, ამას თავად დაუსვამს წერტილს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ალენ ბერსესთან დღევანდელ შეხვედრაზე მისი დღის წესრიგით უკმაყოფილების გამო არ მივიდნენ ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.