ევროპარლამენტარი: პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგებს და ვიმუშაოთ იმ მთავრობასთან, რომელიც საქართველოში კანონიერად აირჩიეს

კატარინა როთ ნევედალოვა

ევროპელი ლიდერები ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდნენ, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, კატარინა როთ ნევედალოვა მისი ზოგიერთი კოლეგის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

ევროპელი კანონმდებელი განმარტავს, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ხელისუფლება კანონიერად აირჩია და საერთაშორისო საზოგადოებამ ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს.

„საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი უნდა ვცეთ მას, ვინც ქართველმა ხალხმა ლიდერად აირჩია. პატივი უნდა ვცეთ თქვენს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ეს არის საქართველოს უფლება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოებას მხოლოდ პატივისცემა გვმართებს და ასეთ გადაწყვეტილებებში არ უნდა ვერეოდეთ. ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ცოტა კრიტიკული იყო თუმცა ამ მისიასაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ საპარლამენტო არჩევნების შედეგები. შესაბამისად პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგებს და ვიმუშაოთ იმ მთავრობასთან, რომელიც საქართველოში კანონიერად აირჩიეს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.