ევროპარლამენტარი: ევროკავშირს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა მის კართან ომი არ დაწყებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, ბრიუსელის ელიტამ, რომელიც ახლა მართავს ევროკავშირს, ნატოს და ამერიკის სტრატეგიული ინტერესები გაითვალისწინა

დანილო დელა ვალე

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს აკრიტიკებს. „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარი საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გამონახოს დიპლომატიური გამოსავალი.

„რუსეთ-უკრაინის ომზე ჩემი პოზიცია წლებია უცვლელია. უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეთა ინტერესებისთვის ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გამონახოს დიპლომატიური გამოსავალი და ბრიუსელს თავიდან უნდა აერიდებინა ესკალაცია. თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, ევროკავშირს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა მის კართან ომი არ დაწყებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, ბრიუსელის ელიტამ, რომელიც ახლა მართავს ევროკავშირს, ნატოს და ამერიკის სტრატეგიული ინტერესები გაითვალისწინა. ჩემი აზრით, ამ წუთისთვის ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობა გააუარესა და გაიფუჭა. ამ ვითარებაში ევროკავშირი რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო სრულიად განსხვავებულ როლს შეასრულებდა, მეტ გავლენას მოახდენდა საერთაშორისო სცენარების ფორმირებაზე. დღეს კი, როდესაც ამერიკის ინტერესი ამ ომისადმი შეიცვალა და აღარ გამოხატავს კონფლიქტში ინვესტიციის სურვილს, ევროკავშირს აღარ აქვს უფლებამოსილება და აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ.

ვფიქრობ, ეს ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკის უპრეცედენტო კრახია. ამჟამად ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირში უკრაინის საკითხზე რაიმე შეიცვალა. პროპაგანდა კვლავ გრძელდება. ვფიქრობ, ამ პროპაგანდას თავი უნდა დავაღწიოთ. მოგეხსენებათ, რუსეთი თავის პროპაგანდას იყენებს, უკრაინას კი თავისი პროპაგანდა აქვს და ეს ომის დროს გასაგებიცაა, თუმცა ჩვენ ევროკავშირი ვართ და სხვა როლი უნდა შევასრულოთ - გამოვიჩინოთ ინიციატივა, რომ გამოვნახოთ კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი“, - აღნიშნა დელა ვალემ.