ეკონომიკის სამინისტროში სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი

ეკონომიკის სამინისტრო

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, სიცრუე და ცილისწამებაა, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, წყალტუბოში დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულია ექვსი ყოფილი სანატორიუმი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ქალაქ წყალტუბოში სასტუმროების მშენებლობასთან დაკავშირებით. უპირველესად განვმარტავთ, რომ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია, თითქოს წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციაზე. სააგენტო მუდმივად ახორციელებს ინფორმაციის გაზიარებას პოტენციურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და  ხელმისაწვდომია.

ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების საპირისპიროდ წარმოგიდგენთ, დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულ 6 ყოფილ სანატორიუმს: „მეტალურგი“, „ივერია“, „თბილისი“, „უშიშროება“, „სამგურალი“ და „წყალტუბო“, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა აღემატება 51 მილიონ ლარს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია „ცივი ტბის“ რეაბილიტაცია, ასევე  წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მიმდინარეობს ქალაქის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. იგეგმება ახალი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ამასთანავე, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ 2021 წლის N90 განკარგულებით. ასევე შემუშავებულია წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის პროექტი. პროექტი დასრულებულია და გადაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის დასამტკიცებლად.

დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტო აქტიურად განიხილავს წინადადებებს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის თაობაზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ წყალტუბოში არცერთი სასტუმრო არ არის გამოსყიდული და არცერთი პროექტი წინ არ მიდის.