„ევროპა ხელახლა ყალიბდება“ - ევროპის პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ღონისძიებაზე უკრაინა, თურქეთი და საქართველოც იყვნენ წარმოდგენილნი

ირაკლი ღარიბაშვილი

 „ევროპა ხელახლა ყალიბდება“, - ამ სათაურით აქვეყნებს შვეიცარიული საინფორმაციო სააგენტო „სვისკომი“ სტატიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის ამსახველი ფოტო ახლავს თან.

სტატიის ავტორი წერს, რომ ევროპის 44 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში შეხვდნენ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შესაქმნელად. დამფუძნებელ ღონისძიებაზე ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილნი, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი და საქართველო.

ავტორის თქმით, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

„ემანუელ მაკრონმა 9 მაისს სტრასბურგში ევროპის დღესთან დაკავშირებით ბიძგი მისცა ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების უფრო მჭიდრო გაერთიანებას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრა „რუსეთის გარეშე ახალი წესრიგის მოძიების შესაძლებლობას იძლევა“.

ევროპის სახელმწიფოთა თანამეგობრობაში პუტინის რუსეთის ადგილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამუდამოდ უნდა დარჩეს გარიყული. ემანუელ მაკრონმა ნათლად თქვა სტრასბურგში:

„ომი უკრაინაში და უკრაინელი ხალხის, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს ლეგიტიმური სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, გვამხნევებს, გვაძლევს საშუალებას გადავიაზროთ ჩვენი გეოგრაფია და ჩვენი კონტინენტის ორგანიზაცია. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუ არა ათწლეულები. ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი სივრცის შექმნა.“

ავტორი აღნიშნავს, რომ შექმნილი რეალობა ნამდვილად განსხვავებულია იმ სცენარისგან, რაც პუტინმა დაგეგმა: საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ის, რომ ევროპის დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფოები კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ერთიანდება ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობაში ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან, ასევე დიდ ბრიტანეთთან და თურქეთთან ერთად. ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობაში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები: უკრაინა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველოც არიან ჩართულები. რუსეთი და ბელორუსი შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

„რასაც აქ ნახავთ, ეს არის ევროპული სოლიდარობა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში“, - განუცხადა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა ჟურნალისტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის სასახლეში. მისი ბელგიელი კოლეგა ალექსანდრე დე კროო კი ამბობს:

”მთელი ევროპის კონტინენტი აქ არის, გარდა ორი ქვეყნისა: ბელორუსისა და რუსეთისა. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია ეს ორი ქვეყანა“.

გახსნის ცერემონიის შემდეგ მონაწილეებმა დისკუსიები გამართეს უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კლიმატის დაცვის, ეკონომიკისა და მიგრაციის თემებზე. კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ გაფორმებულა. ამიტომ ერთობლივი საბოლოო დეკლარაცია არ იგეგმება”,- ნათქვამია სტატიაში.