ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს პროგრესი, მათ მიერვე გამოცემული ანგარიში, სადაც საქართველო „ტრიოში“ ერთ-ერთი საუკეთესოა - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომ დღეს ქვეყანაში საზოგადოება ასეთ მაღალ ნდობას უცხადებს ევროპულ ღირებულებებს, ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გაბედული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოების სურვილით ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის შესახებ და ამ ჩანაწერს ჩვენი ხელისუფლება რეალურ ცხოვრებაშიც ახორციელებს. ბუნებრივია, ეს აისახება კვლევაზეც. მეორე მხრივ, კვლევის შედეგი ევროკავშირისთვის არის გზავნილი, რომ საქართველოს და მის მოქალაქეებს აქვთ ძალიან მაღალი მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრივ, ყველა პირობას შევასრულებთ, რათა ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სწორედ ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს საქართველოს მიღწეული პროგრესი, მათ მიერვე გამოცემული ანგარიში, სადაც საქართველო „ტრიოში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. ანუ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რეფორმების ფონზე, ახლა მეტად იმსახურებს. რაც მთავარია, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს და განიხილოს ის რისკები, რომელშიც საქართველო დარჩება, თუ კანდიდატის სტატუსის მიღმა დატოვებს ევროპული საბჭო ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებით მხოლოდ საქართველოს მოწინააღმდეგეები და არაკეთილმოსურნეები გაიხარებენ. იმ რთულ რეგიონში, სადაც სერიოზული გამოწვევები და რისკებია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, ეს იქნება ძალიან რთული პოლიტიკური ნაბიჯი. ამიტომ, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციების შესრულებაზე ჩვენს ანგარიშს წარვადგენთ, გადაწყვეტილების ჯერი იქნება ევროკავშირზე. სწორედ ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ კი, სამუშაოს ზედმიწევნით შევასრულებთ და ევროკავშირს სრული საფუძველი ექნება, დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა კვლევაში არსებულ კითხვას იმის თაობაზე, ევროპულია თუ არა საქართველოს ხელისუფლება.

„არა მხოლოდ კითხვა, არამედ ეს პროპაგანდა მთლიანად ეკუთვნის საქართველოს არაკეთილმოსურნეებს, რადიკალურ ოპოზიციას, ვისაც არჩევნებში რაღაც ენერგიის მისაღებად სურს, დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ევროინტეგრაციის პროცესი. ისინი აკეთებენ ყველაფერს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ საქართველოს იმიჯი და პოზიციები დააზიანონ ევროინტეგრაციასთან მიმართებით. ეს არაერთხელ ვთქვით და კონკრეტული ფაქტებით დავადასტურეთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება თავის პირობას შეასრულებს, რათა ევროკავშირს არ დარჩეს არც ერთი საკითხი, რომელმაც ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროკავშირს მისაღები აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ზურგს უმაგრებს საქართველოსთან დაკავშირებული შეფასებები, სადაც ვართ საუკეთესო „ტრიოში“, – გაგანაცხადა თალაკვაძემ.