ევროკავშირმა სირიის ეკონომიკის ძირითადი სექტორებისთვის დაწესებული სანქციების შეჩერების გადაწყვეტლება მიიღო

საქართველო

ევროკავშირმა სირიის ეკონომიკის ძირითადი სექტორებისთვის დაწესებული სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

„საბჭომ დღეს გადაწყვიტა, შეაჩეროს რიგი შემზღუდავი ზომებისა სირიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ეს გადაწყვეტილება არის ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილი, მხარი დაუჭიროს სირიაში ინკლუზიურ პოლიტიკურ გარდამავალ პროცესს და მის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, რეკონსტრუქციასა და სტაბილიზაციას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

საბჭოს ცნობით, ევროკავშირის მიზანია, ხელი შეუწყოს სირიასთან, მის ხალხსა და ბიზნესთან ჩართულობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, ასევე ხელი შეუწყოს ფინანსურ და საბანკო ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ სექტორებთან და საჭიროა ჰუმანიტარული, სარეკონსტრუქციო მიზნებისთვის. კერძოდ, შემზღუდავი ზომების მოქმედების შეჩერება ეხება ენერგეტიკის – ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ჩათვლით და ტრანსპორტის სექტორებს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სანქციების სიიდან ამოიღონ ხუთი კომპანია – ოთხი ბანკი და სირიის ავიახაზები, ასევე სანქციები მოეხსნა სირიის ცენტრალურ ბანკს. მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები სირიულ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან საბანკო ურთიერთობებზე. ასევე მოიხსნა სირიაში პერსონალური გამოყენებისთვის ფუფუნების საგნების ექსპორტის აკრძალვა. ევროკავშირის საბჭო გაგრძელებს მუშაობას და შეაფასებს, შესაძლებელია თუ არა დამატებით ეკონომიკური სანქციების მოხსნა, ასევე გააგრძელებს ქვეყანაში სიტუაციის მონიტორინგს, რათა დარწმუნდეს, რომ სანქციების შემსუბუქება სათანადოა.

ამავე დროს, საბჭო ძალაში ტოვებს ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებულ სანქციებს, მათ შორის შეზღუდვებს, რომლებიც ეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას, ნარკოვაჭრობას, იარაღით ვაჭრობას, ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობას და სხვა.