ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია კანონის დარღვევა - როგორი თამამიც იყო ის „ქართული ოცნების“ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია ისევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც ტელევიზიების, ისე „ენჯეობის“ განცხადების საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რაც არის იმის დასტური, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებზე აქვს მავნე შედეგი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„კერძოდ: ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია ისევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან დარღვევის გამართლების დაგმობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სამი ოპოზიციური არხი მმართველი გუნდის საარჩევნო რეკლამებს არ ათავსებს - „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „ფორმულა" ევროკავშირის ელჩის შეფასების გამო, „ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპს ეთერში არ უშვებენ.

ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას იწონებენ მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები. ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას იწონებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.