1735251690
ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის - კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ ეს საქმეც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ.
მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ბოროტი და საშიში ძალაა.
„თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ მოხდა აღნიშნული ფაქტი, როდესაც ააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი. ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ამ მიზნისთვის შემოდიოდა ეს ადამიანი, რომ რაიმე ბოროტება ჩაედინა. სააკაშვილი ვინ არის, მისი თანაგუნდელები ვინ არიან, ეს რამხელა ბოროტი და საშიში ძალაა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თქვენ ხედავთ, არჩევნები როგორ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს უდიდეს ბოროტებასთან საქმე. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვინმე გააუბედურონ, რომ შემდეგ ეს პროცესი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ერთ მხარეს არის ძალა, რომელიც არის ბოროტი და ყველაზე ბინძური ადამიანებით დაკომპლექტებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.