ეს ყველაფერი არის ფარისევლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მათ პირობებში გაიზარდა ნარკომომხმარებელთა დამოკიდებულება" - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა, რომელის მიზანიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაა, სანქციებს უზრდის რეალიზატორებს. მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შემთხვევაში, გამსაღებელს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გასაღების ნაწილში გამკაცრება ეხება მარიხუანით მოვაჭრეებსაც. თუ მომხმარებლებს დაუდასტურდებათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, მათ ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ, 5 წლის განმავლობაში კი ვერ იმუშავებენ საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია - "სტრატეგია აღმშენებელში" აცხადებენ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" პირობებში გაიზარდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა.

"ეს ყველაფერი არის ფარისევლობა "ქართული ოცნების" მხრიდან. მათ პირობებში გაიზარდა ნარკომომხმარებელთა დამოკიდებულება, მეტი ადამიანი გახდა ნარკომომხმარებელი. ეს არის ამათი პოლიტიკის შედეგი, როცა ამ ადამიანებს მეტწილად იყენებენ საარჩევნო მიზნებისთვის და მიშვებული იყო ეს პროცესი. მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის "ქართული ოცნება", ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ფარსია მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რაღაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს", - აცხადებს "სტრატეგის აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.