ეს ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლობები, საქართველოში პირდაპირ, საჯაროდ მხილებულები არიან რადიკალური პროცესების დაფინანსებაში - გურამ მაჭარაშვილი IRI-ზე

მაჭარაშვილი

ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუჩერებენ. "ქართული ოცნება" IRI-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ გაიდლაინზე საუბრობს.

არსებული ცნობით, ხელისუფლებისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა ჯო დიპირომ, რომელიც საქართველოში მუშაობისა და ბინადრობის უფლებით, წლებია, სარგებლობს. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს და გაწერილია კონკრეტული თარიღებიც, მათ შორის, საუბარია 13 სექტემბერს აქციის გამართვაზე.

სახელისუფლებო პარტია არეულობის მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსახლეობის პროტესტი უდავოდ მოჰყვება და ამას გეგმა არ სჭირდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, IRI ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში რადიკალურ პროცესებს აფინანსებს და ეს ფაქტი ცნობილია.

"ჩვენ ყველას გვახსოვს 2 წლის წინ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ცნობილი, რადიკალური პროცესები, როდესაც პასუხი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო ენჯეოებისგან. მათ შორის, IRI-ის წარმომადგენლებისგან, რომ ისედაც გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორი საქართველოში და არ სჭირდება გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ ვამბობდით, რომ თუ გამჭვირვალეა ყველა დაფინანსება იყოს ღია და გასაგები. აღმოჩნდა, რომ არათუ გამჭვირვალე არ არის, არამედ რასაც აფინანსებენ, პირდაპირ მათივე განმარტებებითაც კი ჩანს, რომ აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს, რევოლუციურ სცენარებს, ახალგაზრდების გადაიარაღებაში მომზადებას, მათ შორის IRI-ია, NDI-ია და ეს ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლობები, საქართველოში პირდაპირ, საჯაროდ მხილებულები არიან ამ რადიკალური პროცესების დაფინანსებაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.