1738323694
ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი თემა, რადგან საქართველოს უკრაინასთან მიმართებით არაფერი შეშლია - თენგიზ შარმანაშვილი უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ოპოზიციასთან ერთად უკრაინული დელეგაციაც მუშაობდა.
მისი თქმით, ეს "წარმოუდგენელია", რადგან "საქართველოს უკრაინასთან მიმართებით არაფერი შეშლია".
"ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი თემა, რადგან საქართველოს უკრაინასთან მიმართებით არაფერი შეშლია. ასობით რეზოლუციას შევუერთდით, რომელიც გმობდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ძალების შეჭრას. ერთადერთი, რასაც არ შევუერთდით და ამაზე ხმამაღლა იმთავითვე ვაცხადებდით, რომ საომარ ვითარებას საქართველოში არ შევქმნიდით და მეორე ფრონტს არ გავხსნიდით.
ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი ისე, რომ მხოლოდ აღქმებზე ყოფილიყო ყველაფერი დაფუძნებული და გამრუდებულ პოლიტიკურ სურვილებზე. სამწუხაროდ, მათ ეს მოახერხეს.
ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ "დიფ სთეითს" საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს ევროპის სხვადასხვა პარლამენტზე და ეს ამის გამოძახილია. რა შეიძლება მოჰყვეს ამას - არაფერიც არ მოჰყვება, რადგან ჩვენ ამ უსამართლობას დიდი ხანია ვებრძვით და მთავარია, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, ჩვენი ამომრჩევლის ნების აღსრულება. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ამით ჩვენი კურსი ვერაფრით შეიცვლება", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.