ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე - შალვა პაპუაშვილი დევიდ კრამერის განცხადებაზე

შალვა პაპუაშვილი

ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ დავაკვირდებით ქართულ რეალობაში როგორ წარმოიშვა ტერმინი „ოლიგარქია“, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე.

„ის, ვინც თავს ესხმის საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ის ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ეს არის აქსიომა, შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. რომ დავაკვირდეთ ქართულ სინამდვილეში როგორ წარმოიშვა ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესი იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო გარკვეული "კლიშირება" ამა თუ იმ ადამიანისა. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს საქართველოს ხელისუფლების დასუსტების მცდელობის უკან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მხარდამჭერების ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახლაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ცდილობენ, მძევლად აყვანის სანაცვლოდ გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლების დასუსტება.

ესაა სურვილი, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც უარეს გარშემო, რომ რამენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით ჩაენაცვლებინათ. გვახსოვს ჩვენ არჩევნების შემდეგ როგორ იყო ვითარება. როდესაც ვერ იღებენ მანდატს, ვერ იღებენ ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ ცდილობენ, რომ არჩევნების გვერდის ავლით მიიღონ ძალაუფლება და სწორედ ესაა, რომ მძევლად აყვანის სანაცვლოდ არის სურვილი, რომ დაასუსტონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ უკვე ცხრაჯერ უთხრა უარი იმ ავტორიტარული რეჟიმის გამო, რომელიც მათ დამკვიდრებული ჰქონდათ, ესაა რეალური მიზეზები.

იქნება ოლიგარქია, სახელმწიფოს მიტაცება, თუ სხვა ტერმინები, ამ ჯგუფებმა შემოიტანეს საქართველოში, რათა მოეხდინათ ქვეყნის დისკრედიტაცია და არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.