1753472160
ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით გიორგი გახარიას დევნის და განეიტრალების მცდელობა - გიორგი ჭანტურია ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით

ჩორჩანის ეპიზოდზე პროკურატურას ჩვენებას დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აძლევს. დავით სუჯაშვილი უკვე ორი საათია უწყების კითხვებს პასუხობს. მას გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ ამ საქმის ფარგლებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გამოჰკითხეს. საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება - ამ საქმის ეპიზოდია ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმა. შესწავლის ერთ-ერთ საგანს, ოფიციალური განმარტებით, საოკუპაციო ხაზთან შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის გიორგი გახარიას ქმედებები წარმოადგენს.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ადგილი აქვს დევნისა და განეიტრალების მცდელობას.
"ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით გიორგი გახარიას დევნის მცდელობა და განეიტრალების. ამ ადამიანებს, რომლებსაც ამ ბინძურ კამპანიაში არიან ჩართულები, მინდა გავახსენო, რომ ისინი დღეს ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ იძლევიან, ისინი პროკურატურაში ჩვენებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ჭანტურია.