ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც არაერთხელ ვსაუბრობდით, წინა აუდიტორული დასკვნებიც ამ პასუხს იძლეოდა - შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის დასკვნაზე

შალვა პაპუაშვილი

ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც არაერთხელ ვსაუბრობდით, წინა აუდიტორული დასკვნებიც ამ პასუხს იძლეოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიზანი სწორედ იმისა, რომ თითქოს დუბლირებაა შესაძლებელი, ერთი პირადობის მოწმობით სხვადასხვა ადგილზე ხმის მიცემა იყო შესაძლებელი და ა.შ. ეს დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების პირით, რომლებიც დამკვირვებლების სახით იყვნენ წარდგენილი.

„შემდეგ, ამ დღეებში, სხვადასხვა უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობაში გვიწევს ამ ყველაფრის ახსნა, რომ ტექნიკურად რაღაც არის შეუძლებელი. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის არა ამ „ენჯეოებში“, „ისფედში“, „გამჭვირვალობაში“, საია-ში, არამედ პასუხისმგებლები არიან მათი დონორები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ აფინანსებენ. ზუსტად მათი პასუხისმგებლობაა, ვთქვი კიდევაც, ამასწინათ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. ან „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია ან მისმა დონორმა შვედეთის საელჩომ.

გამოვიდეს და უარყოს ეს დეზინფორმაცია, ვინაიდან ზუსტად ასეთი დეზინფორმაციებია, რომლებიც ჯდება შემდეგ საზღვარგარეთ, მათივე სამინისტროებში და აქეთ გვეკითხებიან რა არის სიმართლე და ტყუილი. აი, ახლა, შეუძლია შვედეთის საელჩოს მოიქცეს პასუხისმგებლობიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა. მოუწოდოს „გამჭვირვალობას“, ან თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უარყოს ეს დეზინფორმაცია, რომ თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება, ან თავად გამოვიდეს შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი და თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია. მათმა ფულმა და დაფინანსებამ გადახადა შესაძლებელი, რომ ეს ტყუილი ვრცელდება საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.