1756184460
ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც აქციების გამოსაკვებად იყენებდნენ საკუთარ დაფინანსებებს - ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში IDFI-ის ხელმძღვანელს, გიორგი კლდიაშვილს ელოდებიან. ის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება, რადგან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.
მანამდე სასამართლოში იმყოფებოდა "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი. ნინო დოლიძემ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, აღნიშნული არასამთავროო ორგანიზაციები საპროტესტო აქციებს აფინანსებდნენ.
"გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც აქციების გამოსაკვებად იყენებდნენ საკუთარ დაფინანსებებს. როგორც ჩანს, ამას თავადაც არ უარყოფენ. პირბადეები ემსახურებოდა ადამიანების სახეების დაფარვას, რომ სამართალდამცველებს ვერ ამოეცნოთ დამნაშავეები.
ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის ხელშეწყობა იმ რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და პროცესების, რომელიც მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ პასუხების გაცემა. დანარჩენზე კი თავად სამართალდამცავი სისტემები იმსჯელებენ, თუ რა დოზით და რა მიზნობრიობით იყო მათი მონაწილეობა უზრუნველყოფილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.