„ერთგულები ვრჩებით იმ თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც მივყვებოდით - საჭიროა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ უკრაინაში რუსეთის ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას აფასებენ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და პრინციპული პოზიცია ყოველთვის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა.

უმრავლესობაში იხსენებენ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას შეუერთდა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

"საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას შეუერთდა. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც მუდამ მივყვებოდით, რომ საჭირო არის, რაც შეიძლება სწრაფად ამ ომის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ომს ყველაზე უფრო დიდი ზიანი სწორედ უკრაინისთვის მოაქვს", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.