ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება , - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციაზე და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩანაწერი დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით სამივე ქვეყანასთან მიმართებაში გაკეთდა.

„მათ შორის უფრო რთულად უკრაინასთან მიმართებაში - მითითებაა კანონსა და მის შესრულებაზე. მოლდოვაზეც არის ჩანაწერი. ამ ჩანაწერის მთავარი არსია, რომ ფულად რესურსებს გადაჭარბებული გავლენა არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტებზე. ყველა ეს საკითხი არის გარკვეული დღის წესრიგი იმისთვის, რომ პირობები დაკმაყოფილდეს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პირობითია სტატუსის მინიჭებაც და არ მინიჭებაც. როგორც უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს პირობები სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე საქართველომ - რათა მიიღოს. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიცია, როცა მსჯელობა იქნება პარლამენტშიც. შეუძლიათ, წინადადებები წარმოადგინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.