„ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან... ჩვენმა მართლმსაჯულებამ სწორედ შეაფასა ის გარემოებები, რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს“ - პაატა სალია

პაატა სალია

იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

„სასამართლომ ცალსახად და დადასტურებულად მიიჩნია რომ სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, მაშინ, როცა ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე“,  - აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დემონსტრანტების მხრიდან მოხდა ვითარების ესკალაცია, რასაც ხელი ოპოზიციონერი ლიდერების მოწოდებებმა შეუწყო. საპასუხოდ, შს სამინისტრო იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა, რომელიც სასამართლომ, გარკვეულ შემთხვევებსა და გარკვეულ მომჩივანთა მიმართებით, მიიჩნია არაპროპორციულად და სახელმწიფოს  დააკისრა  კომპენსაცია.

პაატა სალიამ ასევე ხაზი გაუსვა, იმ გარემოებას, რომ აქციაზე დაზარალებული პირების ნაწილმა კომპენსაცია ქართულ სასამართლოშიც მოითხოვა და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

„ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია დღეს  მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენმა  მართლმსაჯულებამ სწორედ შეაფასა ის გარემოებები,  რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს“.

იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით გამოკვეთა საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან.

„სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე... ჩვენ საუბარი გვქონდა სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ბატონ მათიას გიომართან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის თანამშრომლობს სტრასბურგის სასამართლოსთან,“ - განაცხადა პაატა სალიამ.