„ენმ-ს მეთოდები არ მუშაობს, 10 წელია ცდილობს შეცვალოს ხელისუფლება“ - ოპოზიციამ სააკაშვილის მოწოდება არაგონივრულად შეაფასა

სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ გზავნილები კვლავ პოლიტიკური განსჯის საკითხია, როგორც უმრავლესობაში ასევე ოპოზიციურ სპექტრში. საუბარია იმ განცხადებებზე, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდა. სააკაშვილი გამოსავალს ხალხის მობილიზებასა და აქციებში ხედავს. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი მომხრეებს მოუწოდებს ნუ დაემორჩილებიან სამართალდამცველებს.

როგორც მიხეილს სააკაშვილის თანაპარტიელები განმარტავენ, როდესაც სააკაშვილმა "ხელისუფლების ჩამოგდებაზე" ისაუბრა ის გულისხმობდა მშვიდობიან გზებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების და პროკურატურის პოზიციას არასერიოზულს უწოდებენ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი  სააკაშვილისა და ენმ-ს პოზიციას ემიჯნება. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის გზად მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებს ხედავს.

„მთავრობის დამხობის მოწოდება, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილებას მეც ვიზიარებ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ასეთი მოწოდებებით ხელისუფლება, რომ არ იცვლება ვიცით და ამ ვითარებაში, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევები  კიდევ უფრო მაღალია რუსეთის აგრესიის ფონზე, ვფიქრობ მეტი გონივრული ნაბიჯები არის საჭირო, მათ შორის ხელისუფლების ცვლილებასთან მიმართებაში,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

პარტიაში "საქართველოსთვის" მიაჩნიათ, რომ ენმ-ს მეთოდები ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით არ მუშაობს. 

„10 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შეცვალოს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეს არ გამოუვიდა. ის მეთოდები რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელისუფლების შეცვლას არ მუშაობს,“- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.

რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველი გუნდი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გზავნილებს არასერიოზულს უწოდებს და იხსენებენ სააკაშვილის არაერთ განცხადებას, როდესაც ის ხელისუფლების შეცვლის საკუთარ ხედვაზე საუბრობდა.

„რაც უფრო მეტს ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ საზოგადოებამ მისი სიტყვები დაიჯეროს. გამომდინარე აქედან, არ მგონია, ვინმემ სერიოზულად აღიქვას მისი სიტყვები. ამას გარდა არავის არ სცალია დღეს მისი  სიტყვების გაანალიზების იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმეა, მათ შორის რეგიონში, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ.,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გურამ მაჭარაშვილი.

„ხელისუფლების ჩამოგდებასთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. გუშინვე სააკაშვილის საქმის პროკურორი გამომეხმაურა აღნიშნულ საკითხს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ექსპრეზიდენტის მოწოდების საპასუხოდ.