ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და შემდეგი 4 წლისთვის ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა, 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.

„ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი  რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა, 130 მილიარდ ლარს გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ, ანუ დამატებით სულ მცირე 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა და მიზნის შესრულებაზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები უკავშირდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ეკონომიკის დაანგარიშებას.

„ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება გვქონდა ასევე 2012 წელს. დაახლოებით 10 000 დოლარს შეადგენდა ჩვენი ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ერთ სულ მოსახლეზე 2012 წლისთვის და ქვეყნების ასეულშიც კი არ ვიყავით ამ მაჩვენებლით. ჩვენ გადავინაცვლეთ უკვე 77-ე ადგილზე წლევანდელი მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, არამედ ჩვენ იმაზე ბევრად სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე სხვა ქვეყნები. 25 ათას დოლარს გადააჭარბებს წელს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი პარიტეტის უნარის მიხედვით. აქაც გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ.

 

ძალიან საინტერესოა შედარება სხვა ქვეყნებთან. 2012 წლისთვის ჩვენ საფრანგეთი გვისწრებდა 4-ჯერ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მშპ-თი იანგარიშება თუ რამდენად დიდია სხვაობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კუთხით ოთხმაგი იყო სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ანუ ფრანგები ცხოვრობდნენ 4-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე ქართველები 2012 წელს. ეს სხვაობა არის არსებითად შემცირებული და სხვაობა არის მხოლოდ 2,5. 2028 წლისთვის ორმაგიც კი არ იქნება სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკას ვზრდით, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც გვაქვს ძალიან სწრაფი ზრდა და იმაზე სწრაფი ზრდა, ვიდრე აქვთ სხვა სახელმწიფოებს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თანდათანობით დავეწიოთ წამყვან, ყველაზე განვითარებულ ეკონომიკებსაც კი. ეს არის ჩვენი ამოცანა და მთავარია, შევინარჩუნოთ ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.