ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორეის ელჩს ჰიონდუ კიმის შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორეის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა და სხვ, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრმა დადებითად შეაფასა კორეის მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა შედგება შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ. ხაზი გაესვა, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არა მხოლოდ გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე მოლაპარაკებებს ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 19 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი გაიხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ჩარტერული რეისების შესრულებამ ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას - 2024 წელს კორეის რესპუბლიკიდან ვიზიტორების რაოდენობა 79 პროცენტით, 2025 წლის ორ კვარტალში კი 15 პროცენტით გაიზარდა.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.