ეკა სეფაშვილი: ოპოზიცია შარშანდელ 5-დღიან გაუგონარ ძალადობაზე ნაკლებად არც ახლა ემზადებოდა არეულობისთვის, უბრალოდ, ახლა ნაკლები წარმატება ჰქონდათ

ეკა სეფაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული მუშაობა და ხალხის მიერ გამოჩენილი პოლიტიკური სიმწიფე დაასახელა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა იმის მიზეზად, რამაც ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი გახადა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მოუმზადებელი არეულობისთვის რადიკალები არც ახლა ყოფილან.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რადიკალების მომზადებაზე მეტყველებს ის კადრებიც, სადაც ჩანს დიდძალი იარაღი, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ვითარების დაძაბვისა და არეულობისთვის იყო გამიზნული.

„ვერ ვიტყოდი, რომ შარშანდელ 5-დღიან გაუგონარ ძალადობაზე ნაკლებად ემზადებოდნენ ახლა არეულობისთვის. უბრალოდ, ჩვენ ვისწავლეთ ძალადობასთან დაპირისპირების მართვა და რაც მთავარია, რადიკალების ხალხსაც აღარ სჯერა - მიხვდნენ, როგორ მოატყუეს ნოემბერ-დეკემბერში. ნაკლებად არც ახლა ემზადებოდნენ. კადრებშიც ჩანს, რომ დიდძალი იარაღია ამოღებული სხვადასხვა პირის ბინების ჩხრეკისას. უბრალოდ, ჩვენი სპეცსამსახურები უფრო მომზადებულები იყვნენ და წინასწარ იცოდნენ, რომ შესაძლოა შარშანდლის მსგავსი სცენარი განვითარებულიყო. ხალხიც მეტად იყო მომზადებული - მოსახლეობამ მეტი სიმწიფე და გონიერება გამოიჩინა. გარდა ამისა, რადიკალები სულ უფრო ნაკლებად ახერხებენ ისეთი ადამიანის პოვნას, ვის დაყოლიებასაც შეძლებენ ამ ძალადობაზე. ვხედავთ ახლა სად არიან ის ადამიანები, რომლებიც მათ ავანტიურაში გაჰყვნენ და ვისაც დაკავების შემთხვევაში დახსნას ჰპირდებოდნენ. რამდენიც უნდა იძახონ პოლიტპატიმრები არიანო, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული და აღშფოთება-შეშფოთება მათ ვერ გაათავისუფლებს. სტრასბურგშიც ვერ შეაქვთ საჩივარი. ჩივილის შემთხვევაშიც, ძალიან კარგად იციან, მათ არავითარი შედეგი არ ექნებათ. რომც გაბედონ, პირიქით, უკეთესია - ჩვენს სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით. ამრიგად, ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციაში ნაკლები სერიოზულობით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, უბრალოდ ნაკლები წარმატება ჰქონდათ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.