ეკა სეფაშვილი: ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. ასე, რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ და უნდა შევეცადოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა

ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და იმ გამოწვევებსა და ზეწოლაზე ისაუბრა, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს ირგვლივ ვითარდებოდა.

„ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა საშინაო, ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, რომლებსაც რატომღაც ოპოზიციას ვუწოდებთ. სინამდვილეში ესენი არიან აგენტები - აი, ამ აგენტებს ვებრძოდით და ასევე, ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტიურად მოქმედებენ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის, „ხალხის ძალისა“ და მმართველი გუნდის საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საქართველოს მიმართ წამოსული ზეწოლის არიდება და ბეწვის ხიდზე ისე გავლა, რომ არ დაზარალებულიყო საქართველოს არც ერთი მოქალაქე.

ეკა სეფაშვილმა ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მიიღწევა არა მხოლოდ საშინაო ეკონომიკის ხარჯზე, არამედ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შედეგადაც, რისი საშუალებითაც ქვეყანა ერთნაირად საინტერესოა როგორც ამერიკისთვის, ასევე ჩინეთის, ცენტრალური აზიის, ევროპისა თუ სხვა ქვეყნებისთვის.

„ჩვენი ერთადერთი სიძლიერე ჩვენს სისუსტეში მდგომარეობს. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველასათვის თანაბრად სარგებლიანი, თანაბრად შევთავაზოთ ჩვენი ის ფუნქცია და გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობა ვაწარმოოთ როგორც აღმოსავლეთთან, ისე დასავლეთთან“-განმარტა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ასე შეძლებს საქართველო საკუთარი სიტყვა თქვას ახალი გლობალური არქიტექტურის შექმნის პროცესში. დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოზე ზეწოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საჭიროა მშვიდად დავიცვათ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ აქტუალობა არ დაუკარგავს. აქტუალობა არ დაუკარგავს იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში ჯერ კიდევ ახალი გლობალური წესრიგის და ახალი გლობალური უსაფრთხოების შექმნის პროცესში ვართ, სადაც საქართველოზე ისევ და ისევ გაუგონარი ზეწოლაა, რომელიც მთელი ამ სამი წლის მანძილზე უწყვეტად მიმდინარეობდა. პირველად ეს გაუგონარი ზეწოლა სამი წლის წინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებაზე და სწორედ „ხალხის ძალა“ იყო ის ძალა, რომელმაც კულისებში მიმდინარე ეს ზეწოლა სააშკარაოზე გამოიტანა და ხალხს მისცა საშუალება, რომ ამის შესახებ ემსჯელა. საბედნიეროდ, ხალხმა დაგვიჯერა, გამოგვიცხადა ნდობა და სწორედ ამ ნდობის საშუალებით, საქართველომ, ხელისუფლებამ, ჩვენმა ლიდერებმა, ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გვევლო ისე, რომ საფრთხე არ შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა საშინაო, ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, რომლებსაც რატომღაც ოპოზიციას ვუწოდებთ და უკეთეს შემთხვევაში - რადიკალურ ოპოზიციას და სინამდვილეში ესენი არიან აგენტები - აი, ამ აგენტებს ვებრძოდით და ასევე, ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტიურად მოქმედებენ. ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვან ბალტიის ქვეყნების მიერ ყოვლად ამორალურ სანქციებს, რომლებიც სულ ახლახან დააწესეს ჩვენი ქვეყნის ლიდერებზე - იმ ლიდერებზე, რომლებმაც უპირველეს ღირებულებად აირჩიეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

სწორედ ამ პირობებში ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ გვაქვს ეკონომიკური წინსვლა. ამაზე შემთხვევით არ ვაკეთებ აქცენტს, რადგან ეკონომიკური წინსვლა მიიღწევა არა მხოლოდ ჩვენი საშინაო ეკონომიკის განვითარების ხარჯზე, არამედ აქტიური საგარეო ეკონომიკური დივერსიფიცირებული კავშირების საშუალებით, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს ერთიანად მნიშვნელოვანი იყოს ამერიკისათვის, ევროპისთვის, ჩინეთისთვის, ცენტრალური აზიის, არაბეთის ქვეყნებისთვის, რათა ყველა ამ ქვეყნის ინტერესში იყოს საქართველოში მშვიდობა. არავისთვის არის დასამალი, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და ცხადია, დამოუკიდებლად არ შეგვწევს ძალა, რომ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ ამ გლობალური ახალი არქიტექტურის შექმნის პროცესში, რომლის შექმნასაც სწორედ ახლა ვადევნებთ თვალს და რაშიც ძლიერი სახელმწიფოები მონაწილეობენ სავსებით სამართლიანად, რადგან მათ ამის პოტენციალი გააჩნიათ. ვინაიდან საქართველოს ასეთი პოტენციალი არ გააჩნია, ჩვენი ერთადერთი სიძლიერე ჩვენს სისუსტეში მდგომარეობს. იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ ყველასათვის თანაბრად სარგებლიანი, თანაბრად შევთავაზოთ ჩვენი ის ფუნქცია და გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობა ვაწარმოოთ როგორც აღმოსავლეთთან, ისე დასავლეთთან და დავაკავშიროთ ქვეყნები ინდუსტრიული, ციფრული, სავაჭრო, სატრანზიტო, სატრანსპორტო თუ ა.შ. კავშირების საშუალებით.

სწორედ ამ პრაგმატულ პოლიტიკას მივდევთ და ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რასაც უნდა დავეყრდნოთ და მომავალშიც უნდა მივყვეთ. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო სიმშვიდისკენ და მოთმინებისაკენ, რადგან გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. ასე, რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ და უნდა შევეცადოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მუშაობა დღეს პარლამენტში, სადაც ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან კანონებს, რომელიც მოიცავს უცხოური გავლენისაგან და დეზინფორმაციისაგან საქართველოს მოქალაქეების დაცვას. წინ უნდა აღვუდგეთ უცხოური აქტორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაუკითხავად, უტიფრად და უხეშად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ქართველ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ და ავაშენოთ საქართველოს უსაფრთხო, ღირსეული და მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.