ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
1789673744
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.
მისივე თქმით, ბახმაროში ჩატარებული სემინარი საყურადღებოა ერთი მომენტის გამო. კერძოდ, სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ახლახან ნორვეგიის ელჩთან ჩატარდა გასაიდუმლოებული შეხვედრა, შემდეგ კი შედგა ბახმაროში აღნიშნული სემინარი. იგი მიიჩნევს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშია. სეფაშვილის განცხადებით, ეს არის ერთი სცენარის ორი ფრაგმენტი.
„იმ გლობალურმა ძალებმა, რომლისთვისაც საქართველო ერთ-ერთ სამიზნე ქვეყნად განიხილება, სადაც არეულობა უნდა მოაწყონ, რათა ხელისუფლება მათთვის სასურველი ადამიანებით შეცვალონ, როგორც ჩანს, სცენარის მიხედვით დაიწყეს ახალი ფაზა და სწორედ ამ ახალი ფაზის შემადგენელი ნაწილია ნორვეგიის ელჩთან საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროს ეს სემინარი. ეს ყველაფერი ერთხელ ჩვენ უკვე გავიარეთ უახლესი ისტორიის განმავლობაში, როდესაც იყო ასეთი შეხვედრები. ბევრი ასეთი საელჩოსთან შეხვედრა ჩატარდა და ზუსტად ვიცით, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს. ამას მოჰყვება რაღაც ახალი დავალება. თუ რა დავალება იქნება, ამასაც მალე გავიგებთ. იგივე, ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ამასაც ებმის ბახმაროს შეხვედრა და ჩვენ ვიხილავთ საქართველოში რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას, რომელიც ისევ და ისევ დაფინანსებულია, მხარდაჭერილი და კოორდინირებულია გლობალური ძალების მიერ. ეს ამის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა სეფაშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველი ორგანოები „ბახმაროს სემინარს გამოიკვლევენ“.
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი, საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა, „ქრონიკა“ არკვევდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით „ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ა[ა]იპ კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ სემინარ-შეხვედრასთან დაკავშირებით, „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უცხოური გრანტის გამცემს [დონორს] საქართველოს მთავრობისთვის თანხმობის გაცემის მიზნით არ მოუმართავს. შესაბამისად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია“.