"ეჭვი არავის ეპარება, რომ საგამოძიებო კომისიის მტკიცებულებებით სავსე დასკვნა ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების საფუძველი გახდება" - გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

გურამ მაჭარაშვილი

რა დასკვნას დადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია - სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2003-2012 წლებში მომხდარ გადაცდომებს იძიებს, ორშაბათიდან მუშაობას განაახლებს.

საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისია გამოავლენს, თუ რა ქმედებებს ჩადიოდა ქვეყანაში წინა ხელისუფლება.

"ამ კომისიის უპირველესი მიზანი არის სამართლებრივი დასკვნა დავდოთ, მტკიცებულებებით სავსე, სადაც შეფასდება 2003-2012 წლებში "ნაცმოძრაობის" რეჟიმი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს დასკვნა გახდება საფუძველი ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების. გამომდინარე აქედან, თავად ეს პროცესი იქნება საინტერესო. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მორგი ჯერზე შეახსენებენ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეფასებები კეთდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტებშიც," რომლებიც კომისიის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ.

"უმნიშვნელოვანესია ომის პერიოდის გამოძიებაც, უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაც და უკვე ძალიან ბევრი განცხადებაა შემოსული მოქალაქეების, რომლებიც ითხოვენ თავიანთი საქმის განხილვას," - აღნიშნავს ილია ინჯია.