1770234507
„ძალიან დიდი სივრცეა სუბიექტური, ინტერპრეტირებული გადაწყვეტილებებისთვის. ამ კანონებში არის ბუნდოვანი მუხლები“ - გიორგი შარაშიძე „გრანტების შესახებ“ კანონზე
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე "ღამის კურიერის" ეთერში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს გამოეხმაურა, რომელიც განსაზღვრავს "გრანტის" ახალ დეფინიციას, კრძალავს გარე ლობიზმს და ბიზნესის მხრიდან საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.
შარაშიძე აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პოლიტიკური კონტროლის დაწესების საფრთხედ აღიქვამს.
"თუ რამემ შეიძლება დღევანდელ ვითარებაში სახელმწიფო დაიცვას, ეს არის დემოკრატია, გახსნილი, გამჭვირვალე, ევროპული ტიპის მმართველობა და არა ასეთი ხელოვნური, განსხვავებული აზრის შემზღუდველი კანონები, რომელიც სრულიად ახშობს განსხვავებულ აზრს და ქმნის რეალურად ჩამოყალიბებულ ავტოკრატიას ამ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიული წინსვლა და პროგრესი გვქონდეს ამ გზაზე. გუშინაც შეგვახსენეს პარლამენტში, "რუსული კანონი" რომ ეძახეთ, რატომ ეძახეთ, რა იყო იქ რუსულიო? - ახლა დასტურდება, რაც იყო რუსული, ყველაფერი ის, რაც მოჰყვა ამ ე.წ. რუსულ კანონს, თორემ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჩვენ მაშინაც არაფერი გვქონდა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ძალიან საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა გვქონდა, მოდი არ გვინდა ეს ე.წ. რუსული კანონი და შევიტანოთ "გრანტების კანონში" ცვლილება, რომელიც თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ მართლაც, მხოლოდ გამჭვირვალობაა მიზანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამჭვირვალობა კი არ არის მიზანი, თურმე ბიზნესიც წნეხში უნდა იყოს, თურმე ემიგრანტებსაც სულ იმის შიში უნდა ჰქონდეთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სივრცეა სუბიექტური, ინტერპრეტირებული გადაწყვეტილებებისთვის. ამ კანონებში არის ბუნდოვანი მუხლები," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.












