ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ოჯახში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია და ამ სურვილს 100%-ით გამოხატავს ჩვენი ხელისუფლება - მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ოჯახში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია და ამ სურვილს 100%-ით გამოხატავს ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დღეს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა იმ პირს, ვინც მსჯელობს ამ საკითხებზე, საბოლოო ჯამში მოუწევს იმასთან შეგუება, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რომელსაც გზა ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ პირდაპირ კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი და ერთი წამითაც ამ გზისთვის არ გადაუხვევია, აქვს უფლება ჰქონდეს ისეთივე კანონი გამჭვირვალობაზე, როგორიც მიიღო ევროკავშირის წევრმა საფრანგეთმა, დემოკრატიული დასავლეთის გამორჩეულმა ქვეყანამ კანადამ, ისრაელმა, როგორიც წლებია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლამის 80 წელია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღესაც რამდენიმე თავით უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას, იმ ქვეყნების ჩათვლით, ვისთანაც მოლაპარაკების გახსნის წინასწარი გადაწყვეტილება იყო მიღებული.