დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

ბურჯ ხალიფა

დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა.

„ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში ამჯერად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილე საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად განათდა.

მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ცნობისთვის, მანამდე „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა მიმდინარე წლის 27 იანვარს. მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის საქართველოს დროშის ფერებში განათება უკავშირდებოდა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებას.