„დროის გაწელვა იმუნიტეტისა თუ დაფინანსების გამო, აბსოლუტურად არარელევანტურია“ - მამუკა ხაზარაძე, გახარიას მიმართავს და ხელისუფლების ინტერესის გატარებაზე მიუთითებს

მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართავს და ხელისუფლების ინტერესის გატარებაზე მიუთითებს.

მამუკა ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, დეპუტატთა რიცხვი 89-მდე შემცირდა, მაგრამ ქაღალდზე დღეს პარლამენტში 101 დეპუტატია და ეს გიორგი გახარიას გუნდის ხელშეწყობით ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ 89 მანდატი აქვს "ქართულ ოცნებას", ქაღალდზე, დღეს პარლამენტში 101 დეპუტატი არსებობს. საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც "გახარია საქართველოსთვის" ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა - ფარული ლეგალიზაციისა და ხელშეწყობისა იმ ძალისადმი, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია. მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" მიიღოს გადაწყვეტილება და დროის გაწელვა იმუნიტეტისა თუ დაფინანსების გამო, არის აბსოლუტურად არარელევანტური, არაობიექტური და არასამართლიანი ამ ბრძოლაში. მათ უნდა მიიღონ ძალიან სწრაფად გადაწყვეტილება. ჩვენ, კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და როგორი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩემი მოწოდებაა, რომ დროზე დავამთავროთ ეს საპარლამენტო ამბავი და დავტოვოთ 89 მანდატში ეს ხელისუფლება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.