დოკუმენტი გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით, გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა - კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“

კახა კალაძე

„მეგობარი აქტი“ გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით, გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა - პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს, - განუცხადა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს.

კახა კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

„რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილით. უკვე გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აქტში. სულ 360 ათასია გადახდილი, ხოლო კონკრეტულ კონგრესმენს, პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ ინფორმაციით გააჯეროს აღნიშნული დოკუმენტი. ეს არის მოცემულობა, რეალობა და ეს არის სიმართლე, რაც ცნობილი გახდა FARA-ს კანონით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველა ხვდება, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში FARA-ს ანალოგიური კანონის მიღებას.

„ზოგადად, აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ არა ის შემოტევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა, არავის არაფერი გამოუვა - ჩვენ ხალხთან ერთად დავიცავთ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.