დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება დაცლილია შინაარსისგან, არის მცდელობა, დასაჯონ ქართველი ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ამ გადაწყვეტილებას ვუყურებ, როგორც პოლიტიკური შურისძიების მცდელობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების მცდელობას, ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის ხელისუფლების დასჯის მცდელობა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე. ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საგარეო უწყება დაინტერესდება, რა იყო ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი არგუმენტაცია.

„ვნახეთ, მიტინგებზე გამოდიოდნენ, აქ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, აფინანსებდნენ პირდაპირ ოპოზიციას, მაგალითად, დანიის სახელმწიფო და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი დასჯის მცდელობა, რომ დასაჯონ ქართველი ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე. ასევე, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის საკითხი მოწესრიგებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც 2010 წელსაა დადებული. იქ პირდაპირ არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება რომელიმე მხარემ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა, შეაჩეროს ესა თუ ის მოქმედება. თუ შეხედავთ, აქ სულ სამი შემთხვევაა. ერთია ჯანდაცვის საკითხები – თუ რაღაც პანდემიაა ან რაიმე ასეთი საკითხია, ამ დროს შეჩერება; მეორე – უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში შიგნით; მესამეა ბოროტად გამოყენება ამ პროცედურებისა. არცერთ ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კანონებზე. ამიტომ ცოტა საეჭვოა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც, სხვათა შორის, ჯერ არ გვინახავს, თუ რას დააფუძნეს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ დაინტერესდება, რა სამართლებრივ საკითხებზე იყო ეს დამყარებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს.

„შეგახსენებთ, 2010 წელი ის პერიოდია, როდესაც პიკშია მისული წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, როდესაც მომხდარია უკვე გირგვლიანის მკვლელობა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა, ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც გამოუძიებელი იყო, როცა დახურულია „იმედი“, წართმეულია „რუსთავი 2“, როდესაც გაყალბებულია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მომხდარია და ამ დროს ბრიუსელმა დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებელი რეჟიმის შემქმნელები დიპლომატიური უვიზო მიმოსვლით, ხოლო ქართველი ხალხისთვის საერთოდ არაფერი არ გაიღო მაშინ ბრიუსელმა.

7 წელი საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივად ვიზას ვიღებდით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის 2010 წელს უვიზო მიმოსვლა დააწესეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, 7 წლის თავზე, „ქართული ოცნების“ მცდელობის შედეგად, ქართველ ხალხზეც გამოიღო ეს წყალობა ბრიუსელმა. ამიტომ ახლა საუბარი, თითქოს დემოკრატიული უკუსვლა თუ დემოკრატიაა მათი განმსაზღვრელი, ეს არის ფარისევლობა. როდესაც 2010 წელს ავტორიტარული რეჟიმის წევრებისთვის გაქვს უვიზო რეჟიმი დაფუძნებული და შემოღებული, ახლა საუბარი, თურმე დემოკრატიის მგრძნობელობა აქვს, არის ფარისევლობა. რაც შეეხება საფუძვლად გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის აღებას, ვიდრე გამოვიდოდა აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომ დიახაც, არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი, ეს რომ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვით ადრე თქვა, თურმე გაღიზიანებას იწვევს ბრიუსელში ზოგიერთ ჩინოვნიკს შორის. არ ვიცი, ახლა რას აპირებენ, აშშ-საც გაუუქმონ უვიზო რეჟიმი, მათ დიპლომატებს. აქაც თუ იქნება ასეთივე თამამი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ეს შეეხება პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებს.

მეორე, გამჭვირვალობის კანონი, აქაც ხომ ჩანს, რას ვითხოვთ, რომ იყოს გამჭვირვალე თანხები, მათ შორის ვიცოდეთ, ევროკავშირის ბიუჯეტი რაში იხარჯება. დღემდე საქართველოში მოქმედებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებს პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არაერთხელ აღიარებული აქვს ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატს პირადად ჩემთან შეხვედრების დროს. ვამბობთ, რომ უბრალოდ გაასაჯაროვეთ, რას აფინანსებთ. იმის ნაცვლად, რომ გამჭვირვალობაზე იზრუნონ, საქართველოს მოსახლეობამ რადგან გაბედა და მოითხოვა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, ახლა უნდათ, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა.

თავად ეს გადაწყვეტილება დაცლილია შინაარსისგან. ვნახეთ უნგრეთის ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას უნგრეთის ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომ ეს იყო ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობა, დაესაჯათ ქართველი ხალხი. კარგია, რომ უნგრეთის სახით გამოჩნდა ხელისუფლება, რომელმაც არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწია ამის მიღებას, არამედ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთში არ აპირებს.

ვნახოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არ არის, თუკი ოფიციალური ვიზიტის დროს საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი, არ არის პრობლემა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ეს რამდენად არაევროპული, მათ შორის, რამდენად მდაბალი საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს და იმდენი რაღაც იკადრეს ვიღაცებმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ ახლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.