1760793040
დიპლომატიურ ენაზე სხვადასხვანაირად შეიძლება ითარგმნოს ეს საქციელი, თუმცა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, გერმანიის მხრიდან საკუთარი დიპლომატისთვის სახის შენარჩუნებასთან გვაქვს საქმე - მარიამ ლაშხი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ელჩის გაწვევას საქართველოში შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, გერმანია ამ ქმედებით ცდილობს, საკუთარ დიპლომატს სახე შეუნარჩუნოს.
"ეს ქმედება ალბათ მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან, ელჩის მიერ ბოლოდროინდელი გადადგმული ნაბიჯები, ძალადობრივი აქტივისტების წახალისებები, ასევე განცხადებები, სასამართლოებზე მონაწილეობა - ეს ყველა ნაბიჯი იყო ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც ვენის კონვენციის ძირითად პრინციპებს, ასევე ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებასა და გაძლიერებას.
დიპლომატიურ ენაზე სხვადასხვანაირად შეიძლება ითარგმნოს ეს საქციელი, თუმცა ვხედავთ, რომ ეს საქციელი, პირველ რიგში, არის გერმანიის მხრიდან სახე შეუნარჩუნონ მათ დიპლომატს. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს პატივისცემა და ურთიერთპატივისცემა ქვეყნის ინტერესების და ღირებულებების. არ უნდა მოხდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.