დიმიტრი ხუნდაძე მოსამართლის შესაძლო სანქცირებაზე

პოლიტიკოსი

პასუხგაუცემელი კითხვები მეტი და მეტი გროვდება. საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლის ვიზიტის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელმაც ვერ მოახერხა სემინარზე წასვლა. რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, ხომ არ არის ეს დაკავშირებული მის სასამართლო გადაწყვეტილებასთან გვარამიასთან მიმართებაში და თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი უკმაყოფილების საგანი შეიძლება გახდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რომ არ იყოს ეჭვები, უსაფუძვლო მიგნებები, ან გადაჭარბებული შეფასებები, საჭიროა შეერთებული შტატების ელჩმა გასცეს კონკრეტული, ნათელი, ერთმნიშვნელოვანი და გასაგები პასუხი.
ამასთან, მისივე თქმით, პასუხგაუცემელი კითხვები არა მხოლოდ ინტერესს აზიანებს, არამედ აზიანებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას, მითუმეტეს, როცა კითხვები ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, შესაძლო ომში ჩართვის რიტორიკას და თითქოსდა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას არასამთავრობოების მხრიდან, რომელთაც დაფინანსება სწორედ ჩვენი პარტნიორებისგან აქვთ.

„ვფიქრობ, ასეთ კითხვებზე მნიშვნელოვანია პასუხის გაცემა განსაკუთრებით ისეთი თანამდებობის პირისგან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩია. ვფიქრობ, ამის გამო ღირს კითხვადაც, რომ ბოლომდე იქნეს წერილი წაკითხული და ასევე უფრო მნიშვნელოვანია პასუხი იმ კითხვებზე, რაც იმ წერილში ეწერა. თუმცა, ამას დღევანდელი კითხვაც ემატება მოსამართლესთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება საბაბი ან მიზეზი იმისა, რომ მოსამართლე ვერ წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სემინარზე. დუმილი შესაძლოა აღვიქვათ გარკვეულ მხარდაჭერად, მაგალითად ომის რიტორიკასთან დაკავშირებით. სწორედ ჩვენს ინტერესშიც იყო, რომ ასეთი ეჭვები გაიფანტოს, არ იყოს ჩვენშიც და არ იყოს საზოგადოებაშიც და ზოგადად ეს არ იყოს წამახალისებელი იმათთვის, ვინც ომის რიტორიკას ეწევა, ამიტომ, ამ პასუხებს აქვს არა მარტო პასუხის მნიშვნელობა, მითუმეტეს, როცა საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. ველოდებით პასუხებს შეერთებული შტატების - მთავარი პარტნიორი ქვეყნის ელჩისგან“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.