დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების შეცვლისთვის გარედან ბევრი რამ კეთდებოდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს არ ჩათვალა საჭიროდ, გარედან რყევას ცდილობენ, მაგრამ საზოგადოება შიგნიდან ამაგრებს ხელისუფლებას

დიმიტრი ხუნდაძე

მშვიდ გარეში მოხერხდა არჩევნების ჩატარება. „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა, ოპოზიციის შედეგი არის ის, რაც მოსალოდნელი იყო. ახლაც მათ მიერ ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობას ეტყობა, რომ ეს შედეგი აბსოლუტურად ობიექტურია, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკასთან“.

ხუნდაძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ის ასევე გამოეხმაურა „პივიტისთან“ დაკავშირებით „ისფედის“ განცხადებას.

„ამ ობიექტურობაზე მეტყველებს „ისფედის“ სიჩუმეც, გახსოვთ როცა მათ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება მოახერხეს, დღეს ჩათვალეს რომ ეს ვეღარ გამოდგებოდა ინსტრუმენტად და საერთოდ გაჩუმდნენ, ხმა არ მოიღეს. რა თქმა უნდა ვერაფერი შეცვლის საზოგადოების ასეთ მყარ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იქნებოდა კიდევ ერთი ინსტრუმენტი რყევისთვის“, - აღნიშნა ხუნდაძემ,

მისი თქმით, ოპოზიცია არ ემზადებოდა არჩევნებისთვის, არამედ ემზადებოდა არჩევნების შემდეგი დღისთვის.

ამასთან ხუნდაძემ არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებში გარე აქტორების ჩართულობაზე ისაუბრა.

„ისინი [ოპოზიცია] არ ხარჯავდნენ საარჩევნო კამპანიისთვის ენერგიას, არამედ ემზადებოდნენ არჩევნების შემდეგი დღისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინათ და ისევ ქუჩაში გამოსულიყვნენ, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ. მათ მხარეს სიმართლე და ობიექტურობა და სწორედ ამიტომ, ისინი ისევ ქუჩაში არიან და ამომრჩეველს ისევ ატყუებენ. ასეთი სცენარი უკვე ვნახეთ, მათი ამომრჩეველიც ხვდება, რომ მათ აქვთ ერთი ხაზი - არჩევნებს ვერ იგებენ, აცხადებენ გაყალბებულად, პარლამენტში თითქოს არ შემოდიან, მაგრამ მერე მაინც შემოდიან. საარჩევნო კამპანიის დროს 11 000 კმ გავიარე ჩემს გუნდთან ერთად და ერთხელაც არ შემხვედრია ოპოზიცია. მათი საარჩევნო შეხვედრა არათუ მინახავს, არც კი მსმენია. მოსახლეობას არ ხვდებიან, არ სთავაზობენ სტაბილურობას, ჰპირდებიან მხოლოდ ცალ ფეხზე დგომას და შემდეგ აქვთ განცდა რომ მოსახლეობა მათ მხარს დაუჭერს.

ქვეყნის ომში ჩართვის ძალიან დიდი რისკი იყო, სანქციები აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო და ეს იყო ქვეყნისთვის სახიფათო, ამიტომ ხელისუფლება ამ საერთო დაკვეთაში არ ჩაერთო, რამაც გააბრაზა ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორი და [მიზნად] დაისახეს ხელისუფლების შეცვლა, გარედან ამისთვის ბევრი კეთდებოდა, მაგრამ საზოგადოებამ არ ჩათვალა საჭიროდ ეს. გარედან რყევას ცდილობენ, მაგრამ საზოგადოება შიგნიდან ამაგრებს ხელისუფლებას“, - განაცხადა ხუნდაძემ.