დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს ამ უსამართლობაზე პასუხისმგებლობას, ისტორიის ფურცლებზე დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ შეიწყალა მესამე პრეზიდენტი - ბოკუჩავა

ბოკუჩავა

დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ისტორიის ფურცლებზე დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ შეიწყალა მესამე პრეზიდენტი.

„მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს.

შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ.

გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არგამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად.

ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს დღეს და რა პოლიტიკური გემოვნების ტყვეობაში იღებდეს გადაწყვეტილებებს, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ასეა ეს და ამას ვერანაირი პოლიტიკური გემოვნება ვერ შეცვლის.

და ბოლოს, მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს: მიშა, ამ ბრძოლაში შენი, თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვართ და ვიქნებით ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩირაღდნად გვექნება შენი დღევანდელი სიტყვები – „ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, ეს არის ერთადერთი გზა. დიდება თავისუფლებას! დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტპატიმარს!“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.