დეპუტატები, რომლებიც ბიზნესებიდან ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებენ

parlamenti

პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ახალ ანგარიშშია საუბარი. კვლევაში მოცემულია ინფორმაცია 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით.

ანგარიშის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი 62 დეპუტატს აქვს.

თუმცა, 12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს დეპუტატები კი ანგარიშის თანახმად, არიან: გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ნონა მამულაშვილი, მამუკა მდინარაძე, როსტომ ჩხეიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, იაგო ხვიჩია, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩარკვიანი, ხათუნა კვიციანი.

„სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს.

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:

კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) - 11 268 533.54 ლარი;

ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) - 1 528 556 ლარი;

ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 1 418 917.5 ლარი;

ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 1 263 590.42 ლარი.

პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა ოფიციალური წყაროების (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი, პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) დამუშავების შედეგად მოგროვებულ ინფორმაციას,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

ცნობისთვის, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი