დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი - ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მე არ მქონდა, გახარიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის არ მოუმართავს

დავით სუჯაშვილი

დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოიკითხა.

სუჯაშვილის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია და გიორგი გახარიას არ მიუმართავს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის, რომლის მუდმივი წევრი იყო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი.

„საიდუმლო არ არის, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული. იყო ორი საბჭო – უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარეობდა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ეს ორი საბჭო რომ გაუქმდა, ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. პირველი შეხვედრა ატარებდა ტექნიკურ, საორგანიზაციო ხასიათს, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არის მუდმივი წევრი ამ საბჭოში. საბჭომ უნდა განიხილოს მსგავსი საკითხები. გახარიას არ მოუმართავს ამ საბჭოსთვის. საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მე არ მქონდა, დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები მუშაობენ თავის ჩარჩოებში, დაზვერვის სამსახური აქტიურად არ არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ეს ინფორმაცია არ მქონოდა. საგუშაგოს დადგმის შემდეგ ღია წყაროებით, მასმედიით გავიგე, კარგი იქნებოდა, მანამდე მცოდნოდა. რაც მაქვს ინფორმაცია, მოსახლეობა არის ჩავარდნილი ძალიან რთულ ვითარებაში, იქ დამატებითი საგუშაგოები გახსნა რუსეთის ფედერაციამ. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა“, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.