დაჟინებით ითხოვდნენ დაგვეორგანიზებინა ჩარტერი, რათა შექმნილიყო სურათი, რომ აფრინდა მთავრობის ორგანიზებული რეისი მებრძოლებით, ეს იდგმებოდა, რომ რუსეთს საქართველო ომში მონაწილე მხარედ გამოეცხადებინა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მოწოდებები უკრაინის დახმარების მხრივ რუსეთისთვის სანქციებთან თუ სხვა ზომებთან დაკავშირებით, საჯაროდ ძირითადად არ ვრცელდებოდა. ეს განცხადებები დახურულ კარს მიღმა კეთდებოდა შეხვედრებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პარტნიორები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გთხოვდნენ, რატომ არ აქვეყნებთ ამის მტკიცებულებებს? - პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„არის ასეთი გამონათქვამი - „ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამას ვერ ხედავთ“.

მისივე თქმით, ყველა, ვინც საჯაროდ თუ დახურულ კარს მიღმა მოუწოდებდა ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ომში შეიარაღებული მებრძოლების გაგზავნისკენ, პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ.

„ეს ინფორმაცია ნაწილობრივ საჯაროც არის. მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ეს თავის თავში გულისხმობს ომში შესვლას. ეს არის გარანტირებული ეკონომიკური და დიდი ალბათობით ცხელი ომი რუსეთთან. ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა, ისინი ან მიამიტები არიან, ან მავნებლები. ვისაც ომში მონაწილეობა უნდოდა, ყველა წავიდა ომში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს ქვეყანა. ვისაც სურვილი ჰქონდა უკრაინაში ყველა წავიდა. მაგრამ არა - დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა ჩარტერი, რათა შექმნილიყო სურათი, რომ თბილისის აეროპორტიდან აფრინდა საქართველოს მთავრობის ორგანიზებული რეისი, შიგნით მებრძოლებით, რომლებიც წავლენ და რუსეთს შეებრძოლებიან. ეს სცენა იდგმებოდა იმისთვის, რომ რუსეთს საქართველო ომში მონაწილე მხარედ გამოეცხადებინა. მოწოდებები უკრაინის დახმარების მხრივ რუსეთისთვის სანქციებთან დაკავშირებით თუ სხვა ზომებთან დაკავშირებით, თუ რაზე უნდა წასულიყო საქართველო, საჯაროდ ძირითადად არ ვრცელდებოდა. ეს განცხადებები დახურულ კარს მიღმა კეთდებოდა შეხვედრებზე, მათ შორის ჩემთან შეხვედრებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.