სკანდალი თვითმფრინავში - 29 წლის ქართველი 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
1793785996
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, „ქედის ღვინის ფესტივალს“ დაესწრო. ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელს პირველად, ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
„ქედის ღვინის ფესტივალი ეხმარება ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ღვინის წარმოების განვითარებას, არამედ ხარისხზე ორიენტირებული მეღვინეობის გაძლიერებას, ადგილობრივი უნიკალური ჯიშებისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ქედის ღვინის ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა, უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ აჭარის მეღვინეობის პოტენციალი, ადგილობრივი მწარმოებლები და ქართული ღვინის მრავალფეროვნება. მსგავსი ღონისძიებები, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერა, ღვინის ტურიზმის განვითარება და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა იყო. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 50-მდე მარნისა და მეღვინეობის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტუმრებს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები გააცნეს.
ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და თემატური სივრცეები, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული მეღვინეობის ტრადიციები და აჭარის კულტურული თავისებურებები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გასტრონომიული მასტერკლასები, მომზადდა ღვინის თანმხლები ტრადიციული კერძები, მათ შორის, თონის პური, მწვადი, ჩურჩხელა და აჭარისთვის დამახასიათებელი კერძები. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავდა ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ტრადიციული ცეკვების წარმოდგენებს, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობ აქტივობებს.
სომელიეების მიერ ჩატარებული დეგუსტაციის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული მეღვინეები, რომლებსაც სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.
ქედის ღვინის ფესტივალზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.