დავით მათიკაშვილი: ის ღალატით გაჯერებული წერილი, რომელიც გაიგზავნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის კიდევ ერთი ნათელი და მკაფიო დასტური იმის, რომ ფაქტობრივად ოპოზიცია ჰყავს არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს

 დავით მათიკაშვილი

 ის ღალატით გაჯერებული წერილი, რომელიც გაიგზავნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის კიდევ ერთი ნათელი და მკაფიო დასტური იმის, რომ ფაქტობრივად არ გვყავს ოპოზიცია და ის ჰყავს არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს იმ პლაცდარმს, სადაც ჩვენი დელეგაცია ყოველთვის აქტიურად წარმოადგენდა საქართველოს, იცავდა მის ინტერესებს. ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ის ღალატით გაჯერებული წერილი, რომელიც გაიგზავნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის კიდევ ერთი ნათელი და მკაფიო დასტური იმის, რომ ფაქტობრივად არ გვყავს ოპოზიცია და ის ჰყავს არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს. საქართველოში არჩევნები ჩატარდა და ეს არჩევნები ლეგიტიმურად იქნა აღიარებული, ასე რომ, არანაირი არსებითი საფუძველი იმის, რომ საქართველოს შეუჩერდეს [დელეგაციის] წევრობა, არ არსებობს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

27 იანვრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. სტრასბურგში მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.