დავით მათიკაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიხედება და დათბება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ლოგიკას მოკლებულია ის, რასაც დღეს ვამჩნევთ ჩვენი პარტნიორებისგან

მათიკაშვილი

ჩვენ გვაქვს მყარი იმედი იმის, რომ საქართველოში, ასევე, აშშ-ში არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოცემულობა რადიკალურად შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ღრმად დარწმუნებული არიან, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობები, რაღაც ეტაპის შემდეგ, გადაიტვირთება.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინები, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიხედება და დათბება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ლოგიკას მოკლებულია ის, რასაც ჩვენ დღეს ვამჩნევთ ჩვენი პარტნიორებისგან და ვფიქრობთ, რომ ასეთ ურთიერთობებში, როდესაც ქართველობას ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთგზის გაუწირავს თავი თავისი პარტნიორებისთვის ისეთ ოპერაციებში, სადაც საქართველო საერთოდ ნატოს წევრ ქვეყანას არ წარმოადგენდა და ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო, ვგულისხმობ, ავღანეთს, ასევე, იმ სამშვიდობო მისიებს, რაც ნატოსა და აშშ-ის ეგიდით ხდებოდა - ქართველებს უკან არასდროს დაგვიხევია. ყოველთვის წინა პლანზე, პირველ რიგებში ვიბრძოდით და ამით ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ ვადასტურებდით. არ შეიძლება, რომ ამ ყველაფრის პასუხად იყოს ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი რაღაც ეტაპიდან გადაიტვირთება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.