დავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითს“ შეუძლია საბანკო ავტორიტეტებიც კი შესწიროს, ოღონდ ბატონ ბიძინას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ, თუმცა მკაფიოდ აქვს გაცხადებული ბატონ ბიძინას, რომ მასზე ზეწოლა და შანტაჟი შეუძლებელია

დავით მათიკაშვილი

იმდენად აქტუალურია „დიფ სთეითისთვის“ ეს დაპირისპირება, რომ შეუძლიათ საბანკო ავტორიტეტებიც კი შესწირონ, ოღონდ კი ბატონ ბიძინას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ. მკაფიოდ აქვს გაცხადებული ბატონ ბიძინას, რომ მასზე ზეწოლა და შანტაჟი შეუძლებელია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი“.

მისი თქმით, წლებია „დიფ სთეითი“ ცდილობს განახორციელოს შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს, თუმცა უშედეგოდ.

„უკვე წლებია ბატონი ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ წარმოებს ყოველგვარი ობიექტურობისგან, ყოველგვარი სამართლისა და სამართლიანობისგან დაცლილი კამპანია, რაც პირდაპირ ზეწოლას, პირდაპირ შანტაჟს და პირდაპირ ავაზაკურ დაყაჩაღებას გულისხმობს.

იმდენად აქტუალური არის არაფორმალური გავლენის ძალებისათვის, იგივე „დიფ სთეითისთვის“ ეს დაპირისპირება, რომ მათ შეუძლიათ საბანკო ავტორიტეტებიც კი შესწირონ ამ ყველაფერს, ოღონდ კი საკუთარი ნება-სურვილი აიხდინონ და ბატონ ბიძინას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ მათ. მაგრამ სიმართლე არის სხვა. ბატონმა ბიძინამ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან უარი უთხრა ზეწოლაზე, უარი განაცხადა ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში შეიყვანდა. მან ქვეყნის სუვერენიტეტი საკუთარი ინტერესის ხარჯზე, პირადი ინტერესის ხარჯზეც მაქსიმალურად და მკაფიოდ დაიცვა და სწორედ ეს გახლავთ ის პირველი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მოგებული საქმეებიდან, შავით თეთრზე ცალსახად გარკვეული თემებიდან, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ნაკლოვანება ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, პირიქით, აი, ამ მოცემულობიდანაც კი მას, მის კუთვნილ რესურსზე არ ეძლევა წვდომა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე. ადვოკატი წერს, რომ „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სთეითის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“.