1763739301
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვირჩევთ სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ეკონომიკურ წინსვლას და სხვის თამაშში, რომელიც შეიძლება, ქართველობისთვის საბოლოო წერტილის დასმით დასრულდეს, ვერ ჩავერთვებით
ჩვენ ვირჩევთ სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ეკონომიკურ წინსვლას და სხვის თამაშში, რომელიც შეიძლება ქართველობისთვის საბოლოო წერტილის დასმით დასრულდეს, ვერ ჩავერთვებით ევროპელი ჩინოვნიკების ვერანაირი მოთხოვნის მიუხედავად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
დეპუტატის შეფასებით, ევრობიუროკრატია ცალკეულ შემთხვევებში სამარცხვინოობის ზღვარს გასცდა, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორც ადამიანის უფლებების თემაზე საქართველოსთან დიალოგია.
„ამ სიბრტყეშიც კი ვერ გვისწორებენ თვალს, ერიდებიან პასუხის გაცემას და საბოლოო ჯამში დიალოგს გაურბიან. ამ ყველაფერს ემატება ევროპული ქვეყნების, მაგალითად საგარეო საქმეთა თუ სხვა კონკრეტული მინისტრების განცხადებები, რომლებიც საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ ალბათ, ძნელად წარმოუდგენიათ, რას ნიშნავს დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტი, არჩევნები.
ასევე, გაფართოების საკითხებში არსებულმა კონკრეტულმა დოკუმენტმა, რომელმაც თუკი რამ დადებითი იყო თვითონ ევროპული ბიუროკრატიის თვალით დანახული, ამ ყველაფერზე უარი თქვა. ეკონომიკური პროგრესი, მშვიდობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მოტანილი სტაბილურობა - ამ ყველაფერს თვალი აარიდა, თვითონ რაც სურდათ, ტყუილებით შემოსილი, ისე წარმოადგინეს და სიმართლე იყო მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არის დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამგვარი განვითარების მიზეზად მან ის გლობალური საკითხები დაასახელა, რომლებიც დღეს მსოფლიოში აქტუალურია.
„რატომ? - იკითხავს მაყურებელი, რა ხდება ასეთი საქართველოსთან მიმართებაში, ევროპას სხვა საქმე არ აქვს გარდა იმისა, რომ საქართველოს თემა ასეთი აქტუალური იყოს? სანამ გლობალური პოლიტიკური საკითხები, ისეთები, როგორიც არის ომი უკრაინაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა დღეს მსოფლიოში, არის აქტუალური არაფორმალური გავლენების ძალებისთვის, საქართველოს აქტუალობაც არ ჩამოვა დღის წესრიგიდან. რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოს გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მოცემულობა არის ძალიან ხელსაყრელი ამ ძალებისთვის, რომ მათი პოლიტიკა კიდევ უფრო სხვა მიმართულებით განავითარონ, რაც საქართველოსთვის საბოლოო ჯამში ალბათ იქნება მომაკვდინებელი.
ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის შეიძლება, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდეს. ჩვენ ვირჩევთ სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ეკონომიკურ წინსვლას და სხვის თამაშში, რომელიც შეიძლება ქართველობისთვის საბოლოო წერტილის დასმით დასრულდეს, ვერ ჩავერთვებით ევროპელი ჩინოვნიკების ვერანაირი მოთხოვნის მიუხედავად“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.











