დავით მათიკაშვილი: აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მათთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის ჭეშმარიტი და ასეც გაგრძელდება

დავით მათიკაშვილი

ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ის ბედ-იღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აგენტურული ოპოზიცია ერთმანეთში ვერ ლაგდება.

​„წარმოგიდგენიათ, რაიმე ფორმითა და მექანიზმით მათ ხელში ხელისუფლება რომ ჩაეგდოთ ამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებდნენ? როგორ აქვთ ერთმანეთისადმი განწყობა, სად არის ის პარტიული ხაზი, რომელიც პარტიას ლაიტმოტივად შეიძლება, გასდევდეს. როგორ იცვლებიან ისედაც გაცვეთილი სახეები ბელადის ერთი გადაწყვეტილებით. ამ ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს. აგენტურას არანაირი ადგილი არ აქვს და არ ესაქმება ქვეყნის მართვაში. მათთვის ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც საზოგადოების მიერ არის გამოტანილი, არის უტყუარი და ჭეშმარიტი და ეს ასეც გაგრძელდება. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებაც იქნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, ამ რადიკალურ აგენტურულ ოპოზიციას გააქრობს პოლიტიკური ველიდან. რაც შეეხება ალიანსს, იქაც მსგავსი, ანალოგიური ვითარებაა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფია, ისევ გაცვეთილი პოლიტიკური სახეებით. ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს, საკუთარ ამბიციებში იხრჩობიან და ამ დიდ ორომტრიალში, ჭაობში ითრევენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე ფორმით არის ამ აგენტურულ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკურად. საზოგადოების მიერ მათთვისაც უკვე გამოტანილია განაჩენი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.