დავით ბაქრაძე: ერთ-ერთ ლობისტურ ორგანიზაციასთან კონტრაქტის ხელმომწერი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ამ უხერხულობის გამო საბჭომ ბოდიშიც მოიხადა

დავით ბაქრაძე

წლიდან წლამდე სხვადასხვა საშუალებით, გარდა შეხვედრებისა, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ლობისტური საქმიანობები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაპირისპირება გვიწევდა, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ყველაზე ხშირად, რასთანაც შეხება უწევდა, აღქმები იყო.

„ერთი მხრივ, მიგვქონდა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის, საკუთრების უფლების, ადმიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის პროგრესს ვაჩვენებდით როგორც ფაქტს. მეორე მხრივ, გვხვდებოდა იქიდან აღქმები, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღქმები ცოტა განსხვავებულია და ეს აღქმები რით ყალიბდებოდა? ძირითადად მუშაობდა ლობიზმი, ლობისტური კომპანიები და კონტრაქტები, რომელიც არაერთი იყო, რომელიც ემსახურებოდა დეზინფორმაციას და საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის მიტანას. დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, რაც მე იქ მომიწია მუშაობა, 5-6 სხვადასხვა კონტრაქტი იყო, რომელიც გაფორმებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით. ეს დოკუმენტები სწორედ FARA-ს კანონის წყალობით ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია, ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იმ პერიოდში აკეთებდა ლობიზმის საშუალებით.

გამორჩეული კონტრაქტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ კონტრაქტი. გარკვეულწილად შეიძლება გახსოვდეთ, საკმაოდ დიდი უხერხულობა შეიქმნა მაშინ, რადგან ამ კონტრაქტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მითითებული იყო ბათუ ქუთელია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი და ის იყო მითითებული ხელმომწერად. ამ უხერხულობის გამო ატლანტიკურმა საბჭომ ბოდიშიც მოიხადა და ა.შ. თავად FARA-ს საიტზე ატვირთულ მასალებში პირდაპირ ჩანს თარიღები, შეხვედრები, საკითხები, რაზეც მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. განსახილველ საკითხებში პირდაპირ მითითებული იყო, რომ ეს იყო პრორუსული სახელმწიფოს შესახებ, ანტიამერიკული სახელმწიფოს შესახებ და ა.შ. ამას დისკუსიის, განხილვის ფორმაც კი არ ჰქონდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.