პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი წუხელ მოაწერა. ფაქტს ქართველი ექსპერტები დილიდან ეხმაურებიან.
გია ხუხაშვილის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, რა საზღვრებში მოხდა ე.წ. აღიარება.
ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის „ცხელ ფაზაში” გადაყვანის პროვოცირება, რის შედეგადაც ბლიც-კრიგით გავიდოდა მინიმუმ, დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის რისკი არ არსებობს. ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, რა საზღვრებში მოხდა ე.წ. „აღიარება“. შესაბამისად, რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით „შანტაჟის“ მანევრი დასავლეთთან.
რატომ იჩქარეს?
დასავლეთი განსაკუთრებით „სუსტია“ რუსეთთან დაპირისპირებაში ზამთარში ენერგო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. გაზაფხულზე რუსეთთან რკინის კედლის აღმართვა ბევრად უფრო ადვილი იქნება, ხოლო შემდეგი სეზონისთვის ენერგო-უსაფრთხოების სისტემის გადალაგება შესაძლებელი. ფაქტობრივად, ახლა დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას - შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით“, - აცხადებს ხუხაშვილი.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:
ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.
პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.