დასავლელ მეგობრებს ვეკითხები: რომ მეუბნებით, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას? - პრემიერი

პრემიერი

თანავუგრძნობთ უკრაინას და ძალიან გვინდა, ეს უბედურება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინაში რადგანაცაა ომი და უბედურება, ჩვენც უნდა ჩავყვეთ? ლოგიკა სად არის? - დასავლელ მეგობრებს ვეკითხები, რომ მეუბნებით, შეწყვიტე ვაჭრობა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ პოლიტიკა ისე გაგრძელდა, როგორც იყო და „არავინ არაფერი გააკეთა“.

„აგვისტოს ომის შემდეგ - ჩვენთან ხომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან. პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო. თუ გაინტერესებთ, რა ღირსებულების საქონელი შეიძინა რუსეთისგან ევროკავშირმა - 2.5 ტრილიონი დოლარი ღირებულების. რა სანქციებზე იყო საუბარი?! ჩვენი ტერიტორია რომ ოკუპირებულია და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი გააკეთა, არც სანქციები დააწესა, ჩვენ ეს უნდა მოგვეთმინა. 2019 წელს, როდესაც რუსეთმა ფრენები შეაჩერა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირი გამოდიოდა და მოუწოდებდა რუსეთს, აღადგინე ფრენებიო.

დღეს თანავუგრძნობთ უკრაინას და უკრაინელებს და ძალიან გვინდა, რომ ეს უბედურება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინაში რადგანაცაა ომი და უბედურება, ჩვენც უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, „მეორე ფრონტი“ უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, პოლიგონად გადაიქცეს და ჩვენს ხალხს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცეს? ლოგიკა სად არის? ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეკითხები - თქვენ რომ მეუბნებით, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას? რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას? შარშან 300 მლრდ რატომ მისცეს რუსეთს? კითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ამით დაიწყებენ - ჯერ იტყვიან, რომ არ იფრინო - რატომ, ტურისტები არ გვინდა? მერე გვეტყვიან, ალბათ, ტურისტები არ შემოუშვათო. აღარ მინდა გავაგრძელო. ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის მთავარი მიზანი. ბევრი მცდელობა იქნება, თუმცა მჯერა, ღმერთის დახმარებით ამ გზას მშვიდად გავივლით და ქვეყანას სამშვიდობოზე გავიყვანთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.